The past is obdurate it doesn't want to change-Stephen King
პატარა რომ ვიყავი მჯეროდა, რომ სამყაროში არსებობდა
ბალანსი და ეს განსაკუთრებით ცხოვრებას ეხებოდა, როგორც ერთი ჭკვიანი კაცი ამბობს „ჩვენ
დროში ვართ მოცემულები“ , ჰოდა ჩემი რწმენით თუ ამ დროის რაღაც ნაწილი ცუდია დანარჩენი
კარგი უნდა ყოფილიყო. ახლაც ალბათ მინდა მჯეროდეს ამის, და ხშირად მჯერა კიდეც .
ეს რამდენიმე დღეა ვკითხულობ დროში მოგზაურობაზე, უფრო
სწორად წარსულის შეცვლაზე, და სულ ვფიქრობ ნეტავ თუ შევცვლიდი ჩემს რთულ პერიოდს კარგით
თუმცა ვხვდები ამის შედეგი სავარაუდოდ ის იქნებოდა რომ შემდგომი წლებიც სხვანაირად
განვითარდებოდა. რთული დარჩა.
რა თქმა უნდა უდარდელ ბავშვობას არაფერი სჯობს, თან
იმის გარანტიით რომ გექნება დალაგებული გონება და უზრუნველყოფილი მომავალი. თუმცა ამის
მეორე მხარედ შეიძლება ის ჩაითვალოს რომ 99%-ით დარწმუნებული ვარ არ მეყოლებოდა ის ადამიანები ვინც
ახლა ჩემს ბედნიერებას წარმოადგენენ. ასეთ შემთხვევაში ფაქტიურად არჩევანი უნდა გამეკეთებინა
ბედნიერ ბავშვობას და ბედნიერ ზრდასრულობას შორის.
როდესაც ხელთ გაქვს ისეთი ბედნიერება რომელზეც ვერც
კი იოცნებებდი წარმოუდგენლად გეჩვენება გადაცვალო იმაზე რამაც უკვე გაიარა და წარსულს
ჩაბარდა. თუმცა ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი გავლადია, ის რაც ბავშვობას ეხება არასოდესაა
გავლადი, ის ყოველთვის თეთრი ლაქაა გონებაში, რომელიც ასე მგონია დღითიდღე იზრდება
და შენს ქცევებსაც განაპირობებს. შენდა უნებურად შენს ბედნიერებასაც წამლავს ისე რომ
ვერ აწყობ ვერაფერს. ბედნიერების წილის გადანაცვლების შემთხვევაში ხომ არც გეცოდინებოდა
როგორი იქნებოდა სხვა ვარიანტი, და სუფთა გონებით კი ასე მგონია ადამიანი ნებისმიერ
სირთულეს გაუმკლავდება.
ზოგჯერ ნათლად წარმომიდგება ის არ არსებული ნათელი დღეები,
ჩემს მიერ გამართლებული მოლოდინები და ყველაფერი დანარჩენი რაც ამის სანაცვლოდ მექნებოდა.
თუმცა როგორც ამბობენ The grass is greener on the other side of the fence .
მე უკვე
მაქვს ჩემი წილი ბედნიერება, მთავარია სულ მახსოვდეს ეს. და თუ ოდესმე მექნებოდა შანსი
დავბრუნებულიყავი ჩემს ბავშვობაში, მე მხოლოდ ერთ რამეს გავაკეთებდი - ვეტყოდი პატარა
მეს „შენ ყველაფერი საუკეთესო წინ გაქვს“.
