Friday, December 8, 2017

სკოლა

ყველამ ისეც ვიცით რომ სკოლები არ გვივარგა და ვთანხმდებით რომ რაღაც აშკარად შესაცვლელია. ხშირად წუწუნებენ პროგრამებზე, მავანს არ მოსწონს როდესაც ართულებენ, მავანს კიდევ როცა ამარტივებენ. მაგრამ როგორი ცვლილებებიც არ უნდა შეიტანოს მთავრობამ სასწავლო პროგრამაში, სახელმძღვანელოებში თუ საგნებში შედეგი მაინც არის იგივე; ბავშვები არიან დაღლილები, ხშირად არ უყვართ სკოლა, არ უყვართ მასწავლებლები, მათთვის სკოლა თავისთავად გამორიცხავს მხიარულებას და ზოგადად ასოცირდება ციხესთან, კატორღასთან, უხარიათ მხოლოდ როდესაც არ მიდიან სკოლაში თუნდაც ავადმყოფობის გამო, არდადეგები და თუ გაკვეთილი ცდება მეცხრე ცაზეა მთელი კლასი.
შესაბამისად, რაც არ უნდა დაიხვეწოს პროგრამა თუ მისი მიწოდების ხერხები არ შეიცვალა შედეგი ისევ ისეთი იქნება. სწავლების პროცესი უნდა იყოს სახალისო, ნაკლებად დამღლელი მაგრამ ამავდროულად უფრო ეფექტური, რაც ზოგის აზრით შეუძლებელია სიმკაცრის, გამოცდების, დასჯის, ზღვა მასალის ჩაყლაპვის გარეშე, რაც რატომღაც უნდა გაიზუთხონ ბავშვებმა.
ჩემი განაჩენი ასეთია: არ არსებობს ცუდი მოსწავლე, ცუდი მასწავლებელი, ცუდი წიგნი ან ცუდი სკოლა, არის მხოლოდ ამათი ცუდი კომბინაცია, არამართებული ფარდობითობა.
როგორ ვუშველოთ ამ ამბავს?
პირველ რიგში აუცილებელია განწყობის შეცვლა და სკოლაზე მიწებებული უარყოფითი კონოტაციის მოშთობა.
ეს შესაძლებელია ძალიან მარტივად:
·         პრაქტიკაში უნდა შემოვიდეს სწავლების თანამედროვე მეთოდები რაც სწავლების პროცესს გახდის სახალისოს
·          მასწავლებელი უნდა გახდეს მოსწავლის ტოლი/სწორი/მეგობარი/მრჩეველი და უპირველეს ყოვლისა ის ვინც უსმენს მათ, უნდა გაქრეს ზემდგომობის იდეის გატარება (რაც ალბათ ყველაზე რთული გასატარებელი იქნება, მასწავლებლებს შესისხლხორცებული აქვთ ეს როლი, ხანდახან ასე მგონია გენეტიკურადაც კი მიიღეს)
·          სკოლას მოსწავლეებს უნდა უქმნიდეს ერთობის შეგრძნებას; რომ ისინი არიან ერთი გუნდი, ოჯახი.
·         და რაც ყველაზე საკვანძო საკითხად მიმაჩნია, არ დავივიწყოთ რაც დაგვიბარეს რომაელებმა mens sana in corpore sano (ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული)
ერთ-ორ სიტყვა თითოეულ პუნქტზე
სწავლების თანამედროვე მეთოდები უდავოდ ახალისებს გაკვეთილის მსვლელობას. თამაშებში და აქტიობებში უფრო მეტი მოსწავლის ჩართვაა შესაძლებელი, ყველა მოსწავლეს ექმნება საშუალება თავისი წვლილი შეიტანოს გაკვეთილში მიუხედავად მისი უნარებისა და კონკრეტულ საკითხზე მზაობის დონისა. გარდა ამისა აქტივობების დროს ისინი უფრო ყურადღებით არიან,  ტრადიციულად დამკვიდრებული ტიპის გაკვეთილისგან განსხვავებით სადაც ერთი ბავშვი ყვება აზრიანად თუ აზრდაუტანებლად რაღაცას და დანარჩენებს ძინავთ, შეიძლება ყურადღებით იყოს მხოლოდ გამოძახებული ბავშვის რამდენიმე მეგობარი რომლაბიც საჭიროების შემთხვევაში მზად არიან უკარნახონ და გასაჭირისგან დაიხსნან მეგობარი. გაკვეთილებზე მასალის უფრო მეტი ვიზუალიზაცია, პრაქტიკული სავარჯიშოები, თეორიული მასალის და ცოდნის რეალურ სამყაროსთან დაკავშირება და მათი პრაქტიკული ღირებულების ჩვენება ნებისმიერი საგნის გაკვეთილს სახალისოს გახდის.
მასწავლებლის როლი რასაკვირველია გადამწყვეტია, რადგან რაც არ უნდა მაღალი იყოს მოსწავლეების ჩართულობა და ატივობა გაკვეთილზე ამ ყველაფერს მასწავლებელმა უნდა მისცეს მიმართულება. თუმცა თუ მასწავლებელში ისინი ხედავენ მხოლოდ დამსჯელობითი სისტემის იარაღს ყველა ზემოთხსენებული აზრს კარგავს. ვერ მოდუნდება და ჩაერთვება აქტივობაში მოსწავლე თუ იცის რომ უფროსი (ასაკით, სტატუსით და ყველანაირად მასზე „მეტი“) თავზე ადგას სვავივით რომ გამოიჭიროს შეცდომაში, უსწავლელობაში, წესების დარღვევაში და ა.შ. მასწავლებელიც იგივენაირად უნდა ჩაერთოს პროცესში როგორც ბავშვები, იხალისოს მათთან ერთად, თუნდაც ითამაშოს, რომელიმე გუნდს შეუერთდეს თუ რაოდენობა არ ნაწილდება თანაბრად, მოუსმინოს ბავშვებს და მიიღოს მათი პასუხები, აზრები და იდეები. ბავშვებიც უნდა შეეჩვიონ აზრს რომ მასწავლებელიც ჩვეულებრივი ადამიანია და არა განყენებული ცნება.
ეს პუნქტი წინასგან გამომდინარეობს გარკეულწილად. უნდა არსებობდეს გარკვეული კოლაბორაციული ურთიერთობა კლასებს, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებს შორის. მათი გაერთიანება ძალიან ადვილია კლუბების შექმნით, რაც საშუალებას მისცემს სხვადასხვა კლასის ბაშვები გაერთიანდნენ საერთო ინტერესების მეშვეობით. შესაძლებელია უფროსკლასელების ჩართვა უმცროსკლასელების სწავლის პროცესში. ეს იდეა მომივიდა როდესაც რამდენიმე დღის წინ ჩემი შვილის ტანვარჟიშის ვარჟიშს ვესწრებოდი. მწვრთნელმა აირჩია ერთი ბავშვი რომელიც სხვებზე უფროსი იყო ( ჯგუფებში სხვადასხვა ასაკის ბავშვებია) და ახელმძღვანელებინა მას, ანუ ეს ბავშვი პატარებს აჩვენებდა რა ვარჯიშები და როგორ უნდა გაეკეთებინათ, ამ დროს მწვრთნელი ბავშვებს შორის დადიოდა და ეხმარებოდა მათ, მას გარდა ამ ‘დახმარების’ პროცესში საჭიროებისამებრ სხვა ბავშვებიც ერთვებოდნენ, მაგალითად თუ რომელიმე ახალი ბავშვი ვერ აკეთებდა გაჭიმვას ცოტა უფროსი და გამოცდილი მოსწავლე მიდიოდა მასთან და ეხმარებოდა. ეს იმდენად ეფექტური და სახალისო იყო რომ მაშინვე ვიფიქრე რომ სკოლებშიც უნდა ხდებოდეს ასე.  გაკვეთილები და ზოგადად ახალი მასალა იზოლირებული არ არის წინა მასალებისგან იქნება ეს გასული წლების თუ გასული კვირის. არც ისე შეუსრულებელი მგონია თუ ვთქვათ უფროსკლასელები ახალი მასალის გავლისას რომელიც უკავშირდება წინა წლებში გავლილ მასალას ამ მასალებს გაიმეორებენ უმცროსკლასელებთან ერთად, არა უბრალოდ გაკვეთილის მოსმენით არამედ მასწავლებელ-მენტორის როლის მორგებით, ვთქვათ ერთ ან ორ უფროსკლასელს რომ მიებაროს 4-5 უმცროსკლასელი და მათ დაეხმარონ და აუხსნან მათთვის უკვე განვლილი მასალა (როდესაც სხვას უხსნი რაღაცას ყოველთვის უფრო კარგად იმახსოვრებ შენ თვითონ). ამას რასაკვირველია არ უნდა ჰქონდეს გაკვეთილის ჩატარების ფორმა (როგორც ადრე იცოდნენ ხოლმე ‘ხუთოსანს რომ ატარებინებდნენ გაკვეთილს) არამედ უფრო ჯგუფური მუშაობის, სადაც რამდენიმე უმცროლკლასელთან ჯგუფში იქნება ერთი-ორი უფროსკლასელი რომელიც მათ დაეხმარება, აუხსნის და თვითონაც გაიმეორებს უკვე ნასწავლს რომლის ლოგიკურ გაგრძელებასაც იმ ეტაპზე გადის. ამის განხორციელება პროექტების სახითაც ეფექტური იქნება. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა წინასწარ დასაგეგმია, მასალები უნდა იყოს კლასებში ისე გადანაწილებული რომ ემთხვეოდეს კარგად და თუ ორივე კლასიდან ბავშვებს ერთი მასწავლებელი თუ ეყოლებათ მოსწავლეებისთვის ნაკლებად სტრესული იქნება.
აღნიშნული ცვლილების შემოტანა სწავლის ერთ-ერთ საკვანძო საკითხს-გამეორებას აგვარებს ისევე როგორც საშუალებას მისცემს კლასებს შორის კავშირების გაძლიერებასა და სკოლის როგორც ერთი გუნდის სულისკვეთების შექმნას.
და ბოლოს რაც ყველაზე მეტად მე მაწუხებს- სპორტის საათების მიზერულობა, აღარ ვამბობ იმას რომ ბევრ სკოლაში საერთოდ არ ტარდება. ბავშვებს აქვთ ენერგია რომელიც უნდა დაიხარჯოს დღის განმავლობაში, რის საშუალებაც არ აქვთ სკოლაში. მერე რატომაა გასაკვირი როდესაც ბავშვები ამ ენერგიას ხარჯავენ გაკვეთილის პროცესში ხმაურზე და სხვა მაიმუნობებზე, რაც თავის მხრივ გაკვეთილის ხარისხზე პირდაპირ მოქმედებს. სპორტის საათების ამოღება ბავშვის საპირფარეშოში არ გაშვებას გავს (რასაც დღესაც აპრაქტიკებს ბევრი), არ გაშვებით არ აქრობს პრობლემას .. ვიცით ამას რაც მოყვება ხოლმე. ასევეა ენერგიაზეც, თუ მიზანმიმართულად და მათ სასიკეთოდ არ მივმართავთ ენერგიის დახარჯვას, და არ დაიხარჯება იქ სადაც საჭიროა დაიხარჯება იქ სადაც ხელისშემშლელია! რომ აღარაფერი ვთქვათ ფიზიკური აქტივობების და სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე მოზარდებისთვის. მენტალური და ფიზიკური აქტივობების ცვალებადობა გონებას ასვენებს და გონებრივ მუშაობას უფრო ეფექტურს ხდის. მეტი სპორტის საათი სკოლებში!!! სპორტიც თავისთვად არ უნდა ნიშნავდეს ბიჭების კალათბურთის თამაშს და გოგონების სკამზე ჯდომას და ჭორაობას! ამაზე აღარ გავაგრძელებ...
ძალიან გრძელი გამომივიდა მაგრამ პრობლემაც რომ დიდია? კიდევ ბევრი დეტალის და პრაქტიკული იდეების დამატებაა შესაძლებელი. და განხორციელებაც შესაძლებელია. და მჯერა რომ ერთ დღეს სკოლა გახდება ადგილი სადაც ყველა ბავშვს გაუხარდება წასვლა.