Saturday, March 29, 2014

სახლში




არ ვიცი როგორი გაზაფხული იცის გერმანიაში მაგრამ მგონია ისეთია როგორც ახლა ამ პატარა ქუჩაზე.ამ ქუჩაზე ხშირად დავდივარ, მარტო. სწორედ აქ შემიძლია წარმოვიდგინო თავი ისე როგორც ვთვლი რომ ვარ შიგახედით. აქ ვგრძნობ რომ სახლში ვარ, და სული მშვიდი და კმაყოფილია.  მივდივარ პატარა მოკირწყლულ ქუჩაზე და ვარ მოხუცი კაცი. მოხუცი, ბევრი ტკივილით სხეულში. ყოველი ნაბიჯი ტკივილის მომტანია, ჯოხიც ვერ მიმსუბუქებს ტკივილს რომელიც ხერხემალს მიუყვება და ასე მგონია ნეირონებსაც კი ასწრებს თავში.  დასნეულებულ სხეულს თან დააქვს დიდი, მძლავრი გონი. არც გონება მაყრის კარგ დღეს, ქარბუქივით ტრიალებს შით ფიქრები, მტანჯავს მაგრამ სხეულის ტკივივილს მავიწყებს. დამღლელი ფიქრებით დაქანცულს უცებ ბავშვობის მოგონება გამიელვებს თავში და სულელივით მეცინება, წამიერად მავიწყდება რომ უბრალოდ ქუჩაში მიმავალი ხანშიშესული კაცი ვარ, თავზე ცილინდრით და ხელში ხელჯოხით, როცა გონს მოვდივარ და წარმოვიდგენ თავს კიდევ უფრო ვმხიარულდები და ასე ხან შუბლშეკრული ხანაც სულელური ღიმილით სახეზე მივათრევ დროზე ადრე დაბერებულ სხეულს. ჰაერი ირგვლივ მსუბუქი და სიცოცხლით სავსეა, ვხვდები რომ მიყვარს ირგვლივ ყველაფერი და თავში აზრებიც მშვიდად იძირება და უერთდება  ფიქრების ერთიან ზღვას.  მიყვარს ყველა, ისინიც კი ვინც არ მიყვარს, მიყვარს ჩემი ტკივილებიც და თავს ძლიერად ვგრძნობ ისე როგორც არასდროს. მშვიდად საკუთარ ქაოსში.
   უკვე რამდენი თვეა ვუბრუნდები ამ ქუჩას და ყოველ ჯერზე იგივეს ვგრძნობ, ამ პატარა მონაკვეთში თითქოს მთელ ცხოვრებას გავდივარ, და ყოველ ჯერზე მსიამოვნებს იმიტომ რომ ვიცი ქუჩის ბოლოს რომ მივაღწევ უკვე ბედნიერი ვიქნები.ასე ვიპოვე "დამსვენებელში" ბედნიერება და საკუთარი თავი. ალბათ წინა ცხოვრებაში მე ვიყავი ის, ამიტომაც მიადვილდება შთაბეჭდილებების რეალურ შეგრძნებებში გადმოტანა და ასე მებედნიერება მის სხეულში ყოფნა.






ეს ის მომენტია როდესაც შენსგან დროსა და სივრცეში დაშორებული ადამიანი ახლობელი ხდება არა ისე როგორც მეგობარი, არამედ ისე როგორც საკუთარი თავი, მისი ფიქრები შენი გგონია, და მისი შვება შენც გამშვიდებს.
ჰოდა, როდესაც ერთი პატარა ნოველა არ გტოვებს თვეების განმავლობაში და შენს რეალობაში იჭრება, სხვის მოგონებებს საკუთარში აგირევს და შენი რეალური სამყაროს გამოცდილება მისი სამყაროსგან გამოდის და მცნებები და ასოციაციები იგივდება, ეს ნიშანია იმის თუ როგორ ძლიერ მოვექეცი მისი სიტყვების სამყაროს ტყვეობაში, თუმცა ეს ტყვეობა სასიამოვნოა და მეც ხშირად დავდივარ იმ ქუჩაზე რომელიც ჩვენი სამყაროების გადაკვეთის ადგილი მგონია.