Tuesday, September 9, 2014

ბალანსი დაცულია

The past is obdurate it doesn't want to change-Stephen King

პატარა რომ ვიყავი მჯეროდა, რომ სამყაროში არსებობდა ბალანსი და ეს განსაკუთრებით ცხოვრებას ეხებოდა, როგორც ერთი ჭკვიანი კაცი ამბობს „ჩვენ დროში ვართ მოცემულები“ , ჰოდა ჩემი რწმენით თუ ამ დროის რაღაც ნაწილი ცუდია დანარჩენი კარგი უნდა ყოფილიყო. ახლაც ალბათ მინდა მჯეროდეს ამის, და ხშირად მჯერა კიდეც .
ეს რამდენიმე დღეა ვკითხულობ დროში მოგზაურობაზე, უფრო სწორად წარსულის შეცვლაზე, და სულ ვფიქრობ ნეტავ თუ შევცვლიდი ჩემს რთულ პერიოდს კარგით თუმცა ვხვდები ამის შედეგი სავარაუდოდ ის იქნებოდა რომ შემდგომი წლებიც სხვანაირად განვითარდებოდა.  რთული დარჩა.
რა თქმა უნდა უდარდელ ბავშვობას არაფერი სჯობს, თან იმის გარანტიით რომ გექნება დალაგებული გონება და უზრუნველყოფილი მომავალი. თუმცა ამის მეორე მხარედ შეიძლება ის ჩაითვალოს რომ 99%-ით  დარწმუნებული ვარ არ მეყოლებოდა ის ადამიანები ვინც ახლა ჩემს ბედნიერებას წარმოადგენენ. ასეთ შემთხვევაში ფაქტიურად არჩევანი უნდა გამეკეთებინა ბედნიერ ბავშვობას და ბედნიერ ზრდასრულობას შორის.
როდესაც ხელთ გაქვს ისეთი ბედნიერება რომელზეც ვერც კი იოცნებებდი წარმოუდგენლად გეჩვენება გადაცვალო იმაზე რამაც უკვე გაიარა და წარსულს ჩაბარდა. თუმცა ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი გავლადია, ის რაც ბავშვობას ეხება არასოდესაა გავლადი, ის ყოველთვის თეთრი ლაქაა გონებაში, რომელიც ასე მგონია დღითიდღე იზრდება და შენს ქცევებსაც განაპირობებს. შენდა უნებურად შენს ბედნიერებასაც წამლავს ისე რომ ვერ აწყობ ვერაფერს. ბედნიერების წილის გადანაცვლების შემთხვევაში ხომ არც გეცოდინებოდა როგორი იქნებოდა სხვა ვარიანტი, და სუფთა გონებით კი ასე მგონია ადამიანი ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდება.
ზოგჯერ ნათლად წარმომიდგება ის არ არსებული ნათელი დღეები, ჩემს მიერ გამართლებული მოლოდინები და ყველაფერი დანარჩენი რაც ამის სანაცვლოდ მექნებოდა. თუმცა როგორც ამბობენ The grass is greener on the other side of the fence .




   მე უკვე მაქვს ჩემი წილი ბედნიერება, მთავარია სულ მახსოვდეს ეს. და თუ ოდესმე მექნებოდა შანსი დავბრუნებულიყავი ჩემს ბავშვობაში, მე მხოლოდ ერთ რამეს გავაკეთებდი - ვეტყოდი პატარა მეს „შენ ყველაფერი საუკეთესო წინ გაქვს“.

Saturday, March 29, 2014

სახლში




არ ვიცი როგორი გაზაფხული იცის გერმანიაში მაგრამ მგონია ისეთია როგორც ახლა ამ პატარა ქუჩაზე.ამ ქუჩაზე ხშირად დავდივარ, მარტო. სწორედ აქ შემიძლია წარმოვიდგინო თავი ისე როგორც ვთვლი რომ ვარ შიგახედით. აქ ვგრძნობ რომ სახლში ვარ, და სული მშვიდი და კმაყოფილია.  მივდივარ პატარა მოკირწყლულ ქუჩაზე და ვარ მოხუცი კაცი. მოხუცი, ბევრი ტკივილით სხეულში. ყოველი ნაბიჯი ტკივილის მომტანია, ჯოხიც ვერ მიმსუბუქებს ტკივილს რომელიც ხერხემალს მიუყვება და ასე მგონია ნეირონებსაც კი ასწრებს თავში.  დასნეულებულ სხეულს თან დააქვს დიდი, მძლავრი გონი. არც გონება მაყრის კარგ დღეს, ქარბუქივით ტრიალებს შით ფიქრები, მტანჯავს მაგრამ სხეულის ტკივივილს მავიწყებს. დამღლელი ფიქრებით დაქანცულს უცებ ბავშვობის მოგონება გამიელვებს თავში და სულელივით მეცინება, წამიერად მავიწყდება რომ უბრალოდ ქუჩაში მიმავალი ხანშიშესული კაცი ვარ, თავზე ცილინდრით და ხელში ხელჯოხით, როცა გონს მოვდივარ და წარმოვიდგენ თავს კიდევ უფრო ვმხიარულდები და ასე ხან შუბლშეკრული ხანაც სულელური ღიმილით სახეზე მივათრევ დროზე ადრე დაბერებულ სხეულს. ჰაერი ირგვლივ მსუბუქი და სიცოცხლით სავსეა, ვხვდები რომ მიყვარს ირგვლივ ყველაფერი და თავში აზრებიც მშვიდად იძირება და უერთდება  ფიქრების ერთიან ზღვას.  მიყვარს ყველა, ისინიც კი ვინც არ მიყვარს, მიყვარს ჩემი ტკივილებიც და თავს ძლიერად ვგრძნობ ისე როგორც არასდროს. მშვიდად საკუთარ ქაოსში.
   უკვე რამდენი თვეა ვუბრუნდები ამ ქუჩას და ყოველ ჯერზე იგივეს ვგრძნობ, ამ პატარა მონაკვეთში თითქოს მთელ ცხოვრებას გავდივარ, და ყოველ ჯერზე მსიამოვნებს იმიტომ რომ ვიცი ქუჩის ბოლოს რომ მივაღწევ უკვე ბედნიერი ვიქნები.ასე ვიპოვე "დამსვენებელში" ბედნიერება და საკუთარი თავი. ალბათ წინა ცხოვრებაში მე ვიყავი ის, ამიტომაც მიადვილდება შთაბეჭდილებების რეალურ შეგრძნებებში გადმოტანა და ასე მებედნიერება მის სხეულში ყოფნა.






ეს ის მომენტია როდესაც შენსგან დროსა და სივრცეში დაშორებული ადამიანი ახლობელი ხდება არა ისე როგორც მეგობარი, არამედ ისე როგორც საკუთარი თავი, მისი ფიქრები შენი გგონია, და მისი შვება შენც გამშვიდებს.
ჰოდა, როდესაც ერთი პატარა ნოველა არ გტოვებს თვეების განმავლობაში და შენს რეალობაში იჭრება, სხვის მოგონებებს საკუთარში აგირევს და შენი რეალური სამყაროს გამოცდილება მისი სამყაროსგან გამოდის და მცნებები და ასოციაციები იგივდება, ეს ნიშანია იმის თუ როგორ ძლიერ მოვექეცი მისი სიტყვების სამყაროს ტყვეობაში, თუმცა ეს ტყვეობა სასიამოვნოა და მეც ხშირად დავდივარ იმ ქუჩაზე რომელიც ჩვენი სამყაროების გადაკვეთის ადგილი მგონია.

Monday, January 6, 2014

სანამ ყველა გავცხვარდით

   როდესაც ვაკვირდები ჩვენს საზოგადოებას მიჩნდება იმედი რომ დადგება დღე როდესაც ამ საზოგადოების წევრად ყოფნა იქნება იოლი და სასიამოვნო, რადგან ბედნიერება ხომ  სიმშვიდე, შინ ყოფნაა. განსაკუთრებით მაშინ მეძლევა იმედი როდესაც ვიხსენებ ამ საზოგადოების ზრდის ამსახველ ორ ფაქტს რომელიც ერთმანეთისგან არც ისე დაშორებულია; ჩემი პირველი კამათი მომივიდა მე10ე კლასში როდესაც კლასელმა განმიცხადა რომ ქვას ესროდა იმ ბიჭს რომელსაც ქუჩაში ყურსასმენებით დაინახავდა, უშედეგო კამათის შემდეგ ბავშვურად გამოვუტანე განაჩენი რომ მას მომავალი არ აქვს, ისე აგიხდეთ ყველა ოცნება როგორც იმას ჩემი სიტყვები, ორ წელში უკვე ციხეში იყო. ამ ფაქტიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ( 10 წელია ამ ორ ფაქტს შორის), აუდიტორიაში შემოდის ქალი და გვეუბნება (არ გვეკითხება) ვისაც თან აქვს პირადობის მოწმობა მივიდეთ და მოვაწეროთ ხელი რომ წინააღმდეგები ვართ ერთსქესიანი ქორწინების, და აუდიტორია რომელშიც ისხდნენ გოგონები ტრადიციული ოჯახებიდან უმეტესობა სოფელში მცხოვრები, და შეუსწორეს ქალბატონს რომ განცხადება უნდა გაკეთებულიყო კითხვითი ფორმით და არა იმპერატივით და რატომ არ უშვებდა იმ აზრს რომ ყველა შეიძლება არ იყოს ამის წინააღმდეგი. ყოველგვარი შეკამათებისა და მათი აზრების ჭეშმარიტებად აღიარების მოთხოვნის გარეშე აუდიტორიის უმეტესმა ნაწილმა ხელი არ მოაწერა და იმ რამოდენიმეს ვინც მოაწერა არ მოხვედრია არც მწარე სიტყვა,არც დამდაღველი მზერა ისევე როგორც არახელმომწერებს არ მოსთხოვეს პასუხი საქციელზე, პროცესის დასრულების შემდეგ გაგრძელდა ყველა შეწყვეტილი დიალოგი, ყოველგვარი პოლემიკის და ამ ფაქტზე გამოხმაურების გარეშე. ვაკვირდებოდი ამ ყველაფერს ჩუმად და შედეგი მართლა მოულოდნელი იყო იმის გათვალისწინებით თუ როგორ ტიპის აუდიტორია იყო იქ.რათქმაუნდა ეს არ მაძლევს საბაბს ვიფიქრო რომ მთელი ერი ასეთი ტოლერანტულია მაგრამ ეს პატარა ცვლილებაც სასიამოვნოა. ( ისე ის ფაქტიცაა გასათვალისწინებელი რომ აუდიტორიაში მხოლოდ 21-22 წლის გოგონები ისხდნენ წარმატებული "ლავ სთორები"-თ და სავარაუდოდ უფრო დაბრკოლებებიან სიყვარულს გულშემატკივრობენ ვიდრე ერთსქესიანებს).

  ამის დაწერა მომინდა სწორედ დღეს როდესაც დილით ცხელცხელ ამბებში წინა პლანზე ამოტივტივებულმა განცხადებამ ჯერ თვალები მატკინა და მერე ჩამიხერგა გული

 ( საუბარია ერის მიერ დიდად დაფასებული ადამიანის განცხადებაზე სუროგატი დედების  და ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილ ბავშვების პრობლემურობაზე). ბოლო რამოდენიმე დღის მოვლენების დაკვირვება მტკივნეულია იმიტომ რომ ეს ცხადად მაჩვენებს როგორ არაჯანსაღ ფორმებს იღებს ეს და ერი მასიური ფანატიზმის სიღრმეებში იძირება. რწმენა ხომ სულიერ სიმშვიდეს უნდა გაძლევდეს რა აზრი დევს რელიგიური მსახურების გაუაზრებელ, გამექანიკურებულ მოტორიკამდე დაყვანას თუ ის არაფერს არ გვძენს მხოლოდ და მხოლოდ გვაცხვარებს. სწორედ გაცხვარება გვიყინავს გონებას და გვართმევს საღ აზრს. რა მნიშვნელობა აქვს რომელი აღმსარებლობის ხარ, ან შეიძლება საერთოდ არ ხარ არცერთი აღმსარებლობის, დარჩი ადამიანად! ნებისმიერი თქვენგანის რელიგიაც ამას გასწავლით, თუ ცოტა ყურადღებით ჩააკვირდებით. ცხვარი ადვილი სამართავია; შენი გაცხვარებით ნუ გახდი რელიგიას/რწმენას ბინძური პოლიტიკის ნაწილად. 
Being sheep sucks when you are supposed to be a human!